Home Page





მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის
ფედერალური კანცლერის
ოლაფ შოლცის
სიტყვა
პრაღის კარლის უნივერსიტეტში
ორშაბათს, 2022 წლის 29 აგვისტოს, 11.02 საათზე

მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის
ფედერალური კანცლერის
ოლაფ შოლცის
სიტყვა
პრაღის კარლის უნივერსიტეტში
ორშაბათს, 2022 წლის 29 აგვისტოს, 11.02 საათზე

Monday, 29 August 2022 in Prague

ღრმად პატივცემულო ქალბატონო რექტორო, პროფესორო კრალიჩკოვა, 
პატივცემულო ქალბატონო და ბატონო პრორექტორებო და ფაკულტეტების წევრებო, 
ღრმად პატივცემულო მინისტრო ბეკ, 
თქვენო აღმატებულებებო, 
ძვირფასო სტუდენტებო, 
ქალბატონებო და ბატონებო! 

დიდი მადლობა გულითადი მოწვევისათვის! ჩემთვის დიდი პატივია, ამ ისტორიულ ადგილას, ლამის ამ ძირძველი დაწესებულების დამაარსებლის თვალწინ, გელაპარაკოთ მომავალზე, ჩვენს მომავალზე, რომელსაც ჩემთვის გამოხატავს ერთი სიტყვა: ევროპა. 

ალბათ ამ თემაზე სალაპარაკოდ არ მოიძებნება უკეთესი ადგილი ვიდრე პრაღა და ეს უნივერსიტეტი თავისი თითქმის 700-წლიანი ისტორიით. „Ad fontes“- სათავეებთან, ასეთი იყო ევროპული რენესანსის დიდ ჰუმანისტთა დევიზი. ევროპის სათავეებთან მიმავალ გზა აუცილებლად მოგვიყვანს აქ, ამ ქალაქში, რომლის მემკვიდრეობა და ხასიათი ისეთი ევროპულია, რომ ჩვენი კონტინენტის ლამის ვერცერთი სხვა ქალაქი ტოლს ვერ დაუდებს. ამას მაშინვე მიხვდება ნებისმიერი ამერიკელი ან ჩინელი ტურისტი, რომელიც კარლის ხიდზე გადავა და ჰრადჩანის გზას აუყვება. ისინი ამიტომაც ჩამოდიან, რომ ამ ქალაქში, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს და ხიდებს, კათოლიკურ, პროტესტანტულ და ებრაულ ტაძრებს და სასაფლაოებს, გოტიკურ კათედრალებსა და არტ-ნუვოს სასახლეებს, შუშის ცათამბჯენებს და ფახვერკისსახლებიან შუკებს შორის, ისტორიული ძველი პრაღის მრავალენოვან ხმაურში სწორედ იმას მიაგნონ, რაც ევროპას განასახიერებს: უდიდეს მრავალფეროვნებას ერთ ციდა ადგილას. 

თუკი პრაღა მინიატიურული ევროპაა, მაშინ კარლის უნივერსიტეტი ჩვენი შუქითა და ჩრდილით მდიდარი ევროპული ისტორიის მემატიანე გამოდის. არ ვიცი, მიიჩნევდა თუ არა მისი დამაარსებელი, იმპერატორი კარლ IV თავს ევროპელად. მისი ბიოგრაფია ამას გვაფიქრებინებს: დაბადებისას მას ძველი ბოჰემიური სახელი „ვაცლავი“ დაარქვეს, ის სწავლობდა ბოლონიასა და პარიზში, იყო ლუქსემბურგთა გვარის მეფისა და ჰაბსბურგი დედის შვილი, გერმანიის იმპერატორი, ბოჰემიის და იტალიის მეფე. ის, რომ „მის“ უნივერსიტეტში ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუ ბოჰემიელები, პოლონელები, ბავარიელები და საქსონიელები ფრანგ, იტალიელ ან ინგლისელ სტუდენტებთან ერთად ასრულებდნენ studium generale-ს ლოგიკურად გვეჩვენება. 

რადგანაც ეს უნივერსიტეტი ევროპაში მდებარეობს, მას ევროპული ისტორიის ჩავარდნებიც ახსოვს: რელიგიური თავგამოდება, ენობრივი და კულტურული საზღვრების მიხედვით დაყოფა, იძულებითი იდეოლოგიური უნიფიკაცია XX საუკუნის დიქტატურების დროს. ამ ისტორიის ყველაზე ბნელი თავი გერმანელებმა დაწერეს: უნივერსიტეტის დაკეტვა ნაციონალ-სოციალისტი ოკუპანტების მიერ, გასაპროტესტებლად გამოსული სტუდენტების დახვრეტა, ათასობით უნივერსიტეტელის საკონცენტრაციო ბანაკებში გარეკვა და გაჟლეტა. ეს დანაშაულები ჩვენ გერმანელებს დღესაც გვტკივა და გვრცხვენია. აქ ამის სათქმელადაც მოვედი, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ აღმოსავლეთ ევროპის მრავალი მოქალაქისათვის არათავისუფლება, ვარამი და დიქტატურა გერმანული ოკუპაციით და მეორე მსოფლიო ომის მიერ მოტანილი ნგრევით არ დასრულებულა. 

ამ უნივერსიტეტდამთავრებულ დიდ მოაზროვნეთაგან ერთ-ერთმა ეს ჯერ კიდევ ცივი ომის დროს შეგვახსენა. 1983 წელს მილან კუნდერა „ცენტრალური ევროპის ტრაგედიას“ აღწერს, სახელდობრ, როგორ „გაიღვიძეს“ პოლონეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და იუგოსლავიამ „და აღმოაჩინეს, რომ ისინი აღმოსავლეთში მდებარეობდნენ“, რომ ისინი „დასავლეთის რუკიდან გამქრალიყვნენ“. ამ მემკვიდრეობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, განსაკუთრებით იმათ, ვინც რკინის ფარდის დასავლეთით ვიყავით, არა მარტო იმიტომ, რომ ეს მემკვიდრეობა ევროპული ისტორიის და ამდენად ჩვენი, ევროპელების, ერთობლივი ისტორიის ნაწილია, არამედ იმიტომაც, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეთა გამოცდილება - განცდა, რომ ისინი რკინის ფარდის მიღმა  დაივიწყეს და მიატოვეს - დღემდე იგრძნობა, სხვათა შორის ჩვენს მომავალზე, ევროპაზე დისკუსიების დროსაც.

დღესდღეობით კიდევ ერთხელ ისმის შეკითხვა, სად გაივლის მომავალში საზღვარი ამ თავისუფალ ევროპას და ნეოიმპერიულ ავტოკრატიას შორის. თებერვალში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის კვალდაკვალ მე ეპოქათა გასაყარზე ვლაპარაკობდი. პუტინის რუსეთს ძალადობრივად უნდა ახალი საზღვრების გავლება - აღარ გვინდოდა ასეთი რამ ევროპაში კიდევ ერთხელ გვენახა. უკრაინაზე სასტიკი თავდასხმა ევროპის უსაფრთხოების წესრიგზე თავდასხმაცაა. ამას მთელი სიმტკიცით დავუპირისპირდებით. ამისათვის გვჭირდება ჩვენი სიძლიერე - როგორც ცალკეული სახელმწიფოებისა, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ალიანსში, ასევე ჩვენი, როგორც ევროკავშირისაც. 

ეს გაერთიანებული ევროპა იშვა, როგორც შიდაევროპული სამშვიდობო პროექტი. მისი მიზანი იყო არასოდეს დაეშვა ომი წევრ სახელმწიფოებს შორის. დღეს ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ მშვიდობის ეს დაპირება ისე, რომ ევროპის კავშირს მივცეთ შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა გარეშე გამოწვევებისაგანაც. ეს არის ევროპის ახალი სამშვიდობო ამოცანა, ქალბატონებო და ბატონებო. ეს არის, რასაც ალბათ მოელის ევროპის მოქალაქეთა უმეტესობა, ჩვენი კონტინენტის როგორც დასავლეთ, ისე მის აღმოსავლეთ ნაწილში. 

გაგვიმართლა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკაა, რომელსაც ამ ამოცანის მნიშვნელობა დიდი ხანია შეგნებული აქვს და ევროპა სწორი მიმართულებით მიჰყავს. ამაში ჩეხეთს გერმანია სავსებით უჭერს მხარს და მე მახარებს პრემიერ-მინისტრ ფიალასთან ერთობლივი მუშაობა ეპოქათა გასაყარზე სწორი ევროპული პასუხების მოსაძებნად. 

პირველი პასუხი ასეთია: ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის თავდასხმას მშვიდობაზე ევროპაში. ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვუყურებთ ქალების, კაცების და ბავშვების მკვლელობას, თავისუფალი ქვეყნების რუკიდან წაშლას და მათ გაქრობას კედლებსა ან რკინის ფარდებს მიღმა. ჩვენ არ გვინდა დაბრუნება XIX ან XX საუკუნეში თავისი დაპყრობითი ომებით და თავისი ტოტალიტარული ექსცესებით. 

ჩვენს ევროპას აერთიანებს მშვიდობა და თავისუფლება, ის ღიაა ყველა ევროპული ერისათვის, რომელიც ჩვენს ფასეულობებს იზიარებს. ყველაზე მეტად კი ეს არის იმპერიალიზმის და ავტოკრატიის ქმედითი უარყოფა. ევროპის კავშირი არ ემყარება ბატონობას და მორჩილებას, ის ემყარება განსხვავებულობის აღიარებას, თანასწორობას მის წევრთა შორის, მრავალფეროვნებას და განსხვავებულ ინტერესთა ბალანსს. 

პუტინს სწორედ ეს ერთიანი ევროპა ეკალივით ესობა გულში, რადგანაც ის არ ეწერება მის მსოფლხედვაში, რომელშიც პატარა ქვეყნები რამდენიმე ევროპულ ზესახელმწიფოს უნდა დამორჩილდნენ. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპის ჩვენეული იდეა ერთად დავიცვათ. ამიტომაც ვუჭერთ მხარს თავდასხმის მსხვერპლ უკრაინას: ეკონომიკურად, ფინანსურად, პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად მაგრამ სამხედრო საშუალებებითაც. ამ მიმართულებით გერმანიამ ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად შეცვალა გეზი. ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ საიმედოდ და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. 

იგივე ეხება დანგრეული ქვეყნის აღდგენას, რომელსაც თაობების ძალისხმევა დასჭირდება. ამისათვის საჭიროა საერთაშორისო კოორდინაცია და ჭკვიანური, გამძლე სტრატეგია. ეს იქნება ექსპერტთა კონფერენციის თემა, რომელზეც კომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და მე უკრაინას და მისი პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან 25 ოქტომბერს ბერლინში ვიწვევთ.

 გარდა ამისა, მომავალ კვირებში და თვეებში უკრაინა ჩვენგან ახალ, ულტრათანამედროვე იარაღს, მაგ. საჰაერო თავდაცვის და რადარების სისტემებს და სადაზვერვო დრონებს მიიღებს. მარტო ჩვენი ბოლო იარაღის პაკეტის ღირებულება 600 მილიონ ევროს აჭარბებდა. ჩვენი მიზანი თანამედროვე უკრაინული შეიარაღებული ძალებია, რომლებსაც ქვეყნის თავდაცვის უნარი მუდმივად  შესწევთ. 

ამისათვის ყოველმა ჩვენგანმა მარტო ის კი არ უნდა მიაწოდოს კიევს, რაც ჩვენთვის ამჟამად არ გვჭირდება. აქაც მეტი დაგეგმვა და კოორდინაცია გვჭირდება. ნიდერლანდებთან ერთად დავიწყეთ ინიციატივა, რომლის მიზანიცაა შრომის პერმანენტული და საიმედო განაწილება უკრაინის ყველა პარტნიორს შორის. მე, მაგალითად, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ გერმანია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აიღებს უკრაინული არტილერიის და საჰაერო თავდაცვის ჩამოყალიბებაზე. კოორდინირებული მხარდაჭერის ასეთი სისტემა მალე უნდა შევათანხმოთ და ამით მუდმივი საფუძველი ჩავუყაროთ თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინის აღიარებას ისე, როგორც ეს გავაკეთეთ ევროკავშირის საბჭოზე ივნისში, როდესაც მას ერთსულოვნად მივეცით ხმა. დიახ, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, პერსპექტივაში საქართველოც და რა თქმა უნდა დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა ჩვენი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილი არიან. მათი გაწევრიანება ევროკავშირში ჩვენს ინტერესებში შედის. 

მე შემეძლო საამისოდ დემოგრაფიული ან ეკონომიკური, ან, კუნდერას მსგავსად, კულტურული, ეთიკური და მორალური არგუმენტები მომეყვანა. ყოველი ამ მიზეზთაგანი საფუძვლიანია. მაგრამ ის, რაც დღეს უფრო თვალსაჩინოა ვიდრე როდისმე, არის ამ გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური განზომილება. XXI საუკუნის რეალპოლიტიკა არ ნიშნავს ფასეულობათა უკანა პლანზე გადაწევას და პარტნიორების ყალბი კომპრომისებისათვის მსხვერპლად შეწირვას. რეალპოლიტიკა უნდა იყოს მეგობრების და ფასეულობრივი პარტნიორების შეკავშირება, მათი მხარდაჭერა, რათა გლობალურ კონკურენციაში თანამშრომლობამ გაგვაძლიეროს. 

სხვათა შორის, ასე მესმის ემანუელ მაკრონის წინადადებაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ევროპის საბჭო, ეუთო, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ევროპული ეკონომიკური სივრცე და ნატო. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანი ფორუმია, რომლებშიც ჩვენ, ევროპელები, ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მაგრამ რაც გვაკლია, არის რეგულარული გაცვლა-გამოცვლა პოლიტიკურ დონეზე, ფორუმი, სადაც ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების და მთავრობების მეთაურები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვითათბირებთ ცენტრალურ თემებზე, რომლებიც ჩვენს კონტინენტს მთლიანობაში ეხება: უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კლიმატი ან კავშირუნარიანობა. 

ასეთი გაერთიანება - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა - არ არის ევროკავშირის მომავალი გაფართოების ალტერნატივა; რადგანაც ჩვენ წევრობის კანდიდატებს სიტყვა მივეცით - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ - და ამ სიტყვას ახლა, ბოლოსდაბოლოს, საქმეც უნდა მოჰყვეს. 

გასულ წლებში ბევრნი სამართლიანად ითხოვდნენ უფრო ძლიერ, სუვერენულ, გეოპოლიტიკურ ევროპის კავშირს, ევროპის კავშირს, რომელმაც იცის თავისი ადგილი კონტინენტის ისტორიასა და გეოგრაფიაში და მსოფლიოში ძლიერად და შეთანხმებულად მოქმედებს. გასული თვეების ისტორიულმა გადაწყვეტილებებმა ამ მიზანს დაგვაახლოვა. აქამდე გაუგონარი სიმტკიცით და სისწრაფით პუტინის რუსეთს გადამწყვეტი სანქციები დავუწესეთ. აქამდე ჩვეულებრივი წინააღმდეგობის გარეშე ჩვენ მივიღეთ უკრაინიდან ჩვენთან თავშესაფრის საძებნელად ჩამოსული მილიონობით ქალი, კაცი და ბავშვი. განსაკუთრებით ჩეხეთის რესპუბლიკამ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა გამოიჩინეს  სულგრძელება და დიდი სოლიდარობა. მინდა ამისათვის მათ უდიდესი პატივი მივაგო. 

სიტყვა სოლიდარობას ახალი სიცოცხლე სხვა სფეროშიც შთავბერეთ. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დავიწყეთ ენერგომომარაგების სფეროში. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ განვსაზღვრეთ გაზის მოხმარების ეკონომიის ევროპული მიზნები. ეს ორივე საკითხი მომავალი ზამთრის გათვალისწინებით სასიცოცხლოა, განსაკუთრებით გერმანიაა მადლობელი ამ სოლიდარობისათვის.

ყველა თქვენგანმა იცის, რამდენად მტკიცედ ამცირებს გერმანია თვის დამოკიდებულებას რუსული ენერგიის მიწოდებაზე. ჩვენ ვქმნით ალტერნატიულ შესაძლებლობებს თხევადი გაზის და ნავთობის იმპორტისათვის და ჩვენ ამას სოლიდარულად ვაკეთებთ, ვითვალისწინებთ რა ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების მოთხოვნილებებს, ისეთების, როგორიც ჩეხეთის რესპუბლიკაა. ამას დავპირდი პრემიერმინისტრ ფიალას, როდესაც ის მაისში ბერლინში იყო ჩამოსული და ამ სოლიდარობას, რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრისასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ. 

რაც არ უნდა იყოს, ჩვენზე, ევროპელებზე, ზეწოლა ცვლილებების განსახორციელებლად რუსეთის ომისა და მისი შედეგებისაგან დამოუკიდებლადაც გაიზრდება. მსოფლიოში, სადაც რვა - მომავალში ალბათ ათი - მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, ყოველი ცალკე აღებული ევროპული ეროვნული სახელმწიფო თავისთავად ძალიან პატარა იქნება იმისათვის, რომ მარტო შეძლოს თავისი ინტერესების და ფასეულობების გატანა. ამიტომაც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, შევქმნათ შეთანხმებულად მოქმედი ევროპის კავშირი. 

მით უფრო მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორების ყოლა, პირველ რიგში ვგულისხმობ შეერთებულ შტატებს. ის, რომ დღეს პრეზიდენტი ბაიდენის სახით თეთრ სახლში ტრანსატლანტიკური კავშირის გულმხურვალე მხარდამჭერი ზის, ყოველი ჩვენგანისათვის ბედნიერებაა. ის, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა ფასდაუდებელია, გასულ თვეებში დავრწმუნდით. ნატო დღეს უფრო შეთანხმებულია, ვიდრე როდისმე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ტრანსატლანტიკურ ალიანსში ერთმანეთის მხარდამხარ ვიღებთ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩვენი პარტნიორობისათვის გააკეთა, მაინც ვიცით, რომ ვაშინგტონის მზერა უფრო ძლიერად არის მიმართული ჩინეთთან კონკურენციისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ. ეს მომავალი ამერიკული მთავრობებისთვისაც ასე იქნება, თუ უფრო მეტად არა.

აქედან გამომდინარე, მრავალპოლუსიან მსოფლიოში, და ასეთია XXI საუკუნის მსოფლიო, არ არის საკმარისი არსებული პარტნიორობების შენარჩუნება, რაც არ უნდა ფასეულნი იყვნენ ისინი. ჩვენ ახალ პარტნიორობებში გავაკეთებთ ინვესტიციას - აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. პოლიტიკური და ეკონომიკური დივერსიფიკაცია, სხვათა შორის, არის პასუხის ნაწილი შეკითხვაზე, როგორ უნდა მოვეპყროთ გლობალურ ზესახელმწიფო ჩინეთს და ტრიადას „პარტნიორი, კონკურენტი და მეტოქე“. 

ამ შეკითხვაზე პასუხის მეორე ნაწილი ასეთია: ჩვენ უფრო ძლიერად უნდა გამოვიყენოთ გაერთიანებული ევროპის წონა. ერთად ჩვენ საუკეთესო შანსები გვაქვს, სხვებთან ერთად ХХI საუკუნე ჩვენი, ევროპული სულისკვეთებით გავმართოთ და მივცეთ ფორმა - როგორც ევროკავშირმა, რომელიც გააერთიანებს 27, 30 ან 36 ქვეყანას და ეყოლება 500 მილიონზე მეტი თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე, ექნება მსოფლიოში ყველაზე დიდი შიდა ბაზარი, წამყვანი კვლევითი დაწესებულებები, ინოვაციები და ინოვაციური საწარმოები, სტაბილური დემოკრატიები სოციალური უზრუნველყოფითა და საჯარო ინფრასტრუქტურით, რომლებიც მსოფლიოში ტოლს არავის დაუდებს. ეს არის ამბიცია, რომელსაც მე გეოპოლიტიკურ ევროპას ვუკავშირებ. 

გასული თვეების გამოცდილება ამასაც გვიჩვენებს: ბლოკადების დაძლევა შეიძლება. ევროპული წესები შეიძლება შეიცვალოს - თუ საჭირო გახდა დაჩქარებულადაც. თვით ევროპული შეთანხმებებიც კი არაა ქვაში გამოკვეთილი. თუ ჩვენ ერთობლივად გადავწყვეტთ, რომ შეთანხმებები უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ ევროპა წინ წავიდეს, მაშინ ეს უნდა ვქნათ. 

თუმცა, ამ თემაზე აბსტრაქტული დისკუსიები შორს ვერ წაგვიყვანს. უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც შესაცვლელია და შემდეგ კონკრეტულად გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. „Form follows function“- „ფორმა მოსდევს ფუნქციას“ თანამედროვე არქიტექტურის ეს დევიზი სასწრაფოდ უნდა გადაიქცეს ევროპული პოლიტიკის პრინციპადაც. 

ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რომ გერმანიამ საამისოდ შემოთავაზებები უნდა გააკეთოს და სამაგიეროდ თვითონაც უნდა გაინძრეს. ასე რომ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში ამიტომაც ჩამოვსულვარ, რომ თქვენ და ჩვენს მეგობრებს ევროპაში წარმოგიდგინოთ ზოგიერთი ჩემი მოსაზრება ჩვენი კავშირის მომავლის შესახებ. ეს მოსაზრებებია, ხაზს გავუსვამ, შემოთავაზებები, იმპულსები - და არა მზა გერმანული რეცეპტები. 

გერმანიის პასუხისმგებლობა ევროპის წინაშე ჩემთვის იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ჩვენს მეზობლებთან ერთად, შევიმუშაოთ გადაწყვეტილებები და მერე ერთად გადავწყვიტოთ. მე არ მინდა ექსკლუზიური კლუბების ან დირექტორიების ევროკავშირი, მე მინდა თანასწორ წევრთა ევროკავშირი. 

ხაზგასმით მინდა დავუმატო: ის, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთით იზრდება, ყოველი ჩვენგანისათვის მომგებიანია. გერმანია არის ქვეყანა კონტინენტის შუაგულში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის ევროპაში დასაკავშირებლად. 

გთხოვთ, შემდეგი მოსაზრებები სწორედ ამ მნიშვნელობით გაიგოთ. 

პირველი: მე გამოვდივარ ევროპის კავშირის გაფართოებისათვის, რომელშიც შევლენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და პერსპექტივაში საქართველოც. 

თუმცა, ევროპის კავშირი 30 ან 36 წევრით სხვანაირი იქნება, ვიდრე ჩვენი დღევანდელი კავშირი. ეს ნათელია. ისტორიკოსი კარლ შლიოგელის კვალდაკვალ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ევროპის შუაგული აღმოსავლეთისაკენ გადაადგილდება. ამ გაფართოებულ კავშირში პოლიტიკურ ინტერესების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სისტემების თვალსაზრისით გაიზრდება განსხვავებები წევრ სახელმწიფოებს შორის. უკრაინა ლუქსემბურგი არ არის და პორტუგალია მსოფლიო გამოწვევებს სხვანაირად უყურებს, ვიდრე ჩრდილოეთი მაკედონია. 

პირველ რიგში კანდიდატი ქვეყნების ვალდებულებაა, შეასრულონ გაწევრიანების კრიტერიუმები. ამაში ჩვენ მათ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს. მაგრამ ჩვენ თავად ევროკავშირიც უნდა მოვამზადოთ ამ დიდი გაფართოებისათვის. ამას დასჭირდება დრო, ამიტომაც ახლავე უნდა დავიწყოთ. სხვათა შორის, გაფართოების წარსული რაუნდების დროსაც ახალგაწევრიანებულ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები ევროპის კავშირის შიგნით ინსტიტუციური რეფორმების პარალელურად მიმდინარეობდა. ასე იქნება ახლაც. 

ჩვენ ამ დებატებს თავს არ ავარიდებთ - ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენ გაწევრიანების პერსპექტივას სერიოზულად ვუყურებთ. ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ჩვენს დაპირებას გაწევრიანების შესახებ, რადგან მხოლოდ ამგვარად მივაღწევთ სტაბილურობას ჩვენს კონტინენტზე. ასე რომ, მოდი, დავიწყოთ რეფორმებზე ლაპარაკი. 

ევროკავშირის საბჭოში, მინისტრების დონეზე აუცილებელია სწრაფი და პრაგმატული მოქმედება. ეს მომავალშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. იქ, სადაც დღეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა აუცილებელი, ყოველ შემდგომ წევრ ქვეყანასთან ერთად იზრდება რისკიც, რომ ცალკეული ქვეყანა თავისი ვეტოთი ყველა დანარჩენს წინსვლაში შეაფერხებს. ვინც სხვანაირად ფიქრობს, უგულებელყოფს ევროპულ რეალობას. 

ამიტომაც ჩემი შემოთავაზება იყო, ერთობლივ საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ასევე სხვა სფეროებში, მაგ. საგადასახადო პოლიტიკაში, ნაბიჯ-ნაბიჯ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილებებზე გადავსულიყავით - ვიცოდი რა, რომ ამას გერმანიაზეც ექნებოდა გავლენა. ჩვენ უნდა მკაფიოდ გავიაზროთ: ერთსულოვნების პრინციპის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც დაბალია მოქმედების წნეხი. ყველაზე გვიან ეპოქათა გასაყარის შემდეგ ეს ასე აღარ არის. 

სხვათა შორის, ხმათა უმრავლესობის პრინციპის ალტერნატივა სტატუს კვოს შენარჩუნება კი არ იქნებოდა, არამედ წინსვლა სულ უფრო განსხვავებული ჯგუფების შემადგენლობაში, ჯუნგლები განსხვავებული წესებისა და სულ უფრო რთული op-in-ების და opt-out-ებისა. ეს არ იქნებოდა დიფერენცირებული ინტეგრაცია, არამედ დახლართული ეკალ-ბარდი და დაპატიჟება ყველასათვის, ვინც ფსონს დებს გაერთიანებული გეოპოლიტიკური ევროპის წინააღმდეგ და უნდა ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდება. მე ეს არ მინდა! 

ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებების ჩემეული მხარდაჭერა ხანდახან კრიტიკის საგანი გამხდარა და მე გაგებით ვეკიდები განსაკუთრებით პატარა წევრი ქვეყნების წუხილს. მომავალშიც ყველა ქვეყანას თვისი მოთხოვნებით უნდა ეთხოვოს ყური - ყველაფერი დანარჩენი ევროპული იდეის ღალატი იქნებოდა. და რადგანაც მე ამ წუხილს ძალიან სერიოზულად ვიღებ, ვამბობ: მოდი, ერთად ვეძებოთ კომპრომისები! შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღება იმ სფეროებში დავიწყოთ, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი ერთსულოვნება - მაგ. სანქციების პოლიტიკაში ან ადამიანის უფლებების საკითხში. გარდა ამისა, მოგიწოდებთ ვიქონიოთ კონსტრუქციული თავის შეკავების გამბედაობა. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი, გერმანელების და ყველა დანარჩენის ვალია, ვინც ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებების აუცილებლობაშია დარწმუნებული. თუკი რაც შეიძლება ბევრი გაიზიარებს ამ მოსაზრებას, ჩვენ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ისეთ ევროპას, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკის კეთების უნარი შესწევს, გეოპოლიტიკურ ევროპას. 

ვერც ევროპის პარლამენტი აუვლის გვერდს რეფორმებს. ევროკავშირის შეთანხმებებში ტყუილად არ არის ჩადებული ზედა ზღვარი, რომელიც 751 დეპუტატით განისაზღვრება. ეს რაოდენობა უნდა გავზარდოთ ახალი წევრების გაწევრიანებასთან ერთად, როგორც მინიმუმ მაშინ, როდესაც ჩვენ პარლამენტს იმ მანდატების რაოდენობით გავზრდით, რომლებიც ახალ წევრ ქვეყნებს ამჟამინდელი წესების მიხედვით ეკუთვნით. თუკი ჩვენ არ გვინდა ევროპის პარლამენტის გაბერვა, მაშინ გვჭირდება ახალი ბალანსი, რომელიც პარლამენტის შემადგენლობას შეეხება, რაც აუცილებლად გულისხმობს დემოკრატიული პრინციპის გათვალისწინებას, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის ყოველ ხმას დაახლოებით ერთნაირი წონა უნდა ჰქონდეს. 

და ბოლოს, სწორი ბალანსის პოვნა წარმომადგენლობას და ქმედუნარიანობას შორის ევროკომისიასაც ეხება. კომისია, რომელიც 30 ან 36 კომისრისაგან შედგება, შრომისუნარიანობის ზღვარს აწყდება. გარდა ამისა, თუკი ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყოველი კომისარი პოლიტიკის საკუთარ სფეროს წარმოადგენს - ამ ქალაქის კიდევ ერთი დიდი შვილი რომ გავიხსენოთ - კაფკასებრ მდგომარეობაში ჩავვარდებით. 

ამასთანავე ვიცი, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ყველა წევრი სახელმწიფო იმას, რომ ბრიუსელში „თავისი“ კომისრით იყოს წარმოდგენილი. ეს მნიშვნელოვანიცაა, რადგანაც ეს აჩვენებს: ბრიუსელში ყველასათვისა არის ადგილი. ყველანი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომაც არ მინდა შევეხო პრინციპს: „თითო კომისარი თითო ქვეყანას“. მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ კომისიის ორი წევრი იყოს ერთ გენერალურ დირექტორატზე პასუხისმგებელი? ეს პრინციპი ყოველდღე მუშაობს არა მარტო მთელი მსოფლიოს ფირმების გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში. ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობებშიც, როგორც საგარეო საქმეებში, ასევე შიდა კომპეტენციების გადანაწილებაში, მსგავსი გამოცდილება არსებობს.

მოდი, ვეძებოთ ასეთი კომპრომისები - ფუნქციონირებადი ევროპისათვის! 

მეორე მოსაზრება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, უკავშირდება ცნებას, რომელზე ჩვენ გასულ წლებში ხშირად გვიკამათია: ევროპულ სუვერენიტეტს. 

ამ ცნების სემანტიკას არ განვიხილავ. პრინციპში, ევროპული სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა სფეროში უფრო დამოუკიდებლები გავხდებით, რომ მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ერთმანეთს მხარში დავუდგებით, რათა გავიტანოთ ჩვენი ფასეულობები და ინტერესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამისკენ გვიბიძგებს არა მარტო რუსეთის თავდასხმა ევროპის სამშვიდობო წესრიგზე. მე ვახსენე ის დამოკიდებულება, რომელშიც ჩვენ თავი შევყავით. რუსული ენერგოიმპორტი საამისოდ განსაკუთრებით თვალსაჩინო, მაგრამ არა ერთადერთი მაგალითია. ავიღოთ ნახევარგამტარების მიწოდების დეფიციტი. მსგავსი ცალმხრივი დამოკიდებულებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ! 

ევროპა თავის კეთილდღეობას ვაჭრობას უმადლის. ამ სფეროს სხვებს ვერ დავუთმობთ. ამიტომაც გვჭირდება ახალი, მდგრადი შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ამბიციური სავაჭრო დღის წესრიგი. 

როდესაც ნედლეულით ან იშვიათი მიწებით მომარაგებაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქვეყნებს, რომლებიც ევროპიდან შორს მდებარეობენ. თუმცა ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას ერთ რამეს: დიდი ნაწილი ლითიუმის, კობალტის, მაგნიუმის ან ნიკელის, რომელზეც ჩვენი საწარმოები ასე არსებითად არიან დამოკიდებულები, დიდი ხანია უკვე ჩვენთან, ევროპაშია. ყოველი მობილური ტელეფონი ან მანქანის აკუმულატორი ძვირფას ნედლეულს შეიცავს. როდესაც ეკონომიკურ სუვერენიტეტზე ვლაპარაკობთ, მაშინ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ეს პოტენციალი უფრო მეტად როგორ გამოვიყენოთ. შესაბამისი ტექნოლოგიები დღეს უკვე არსებობს. რაც ჩვენ გვჭირდება, ესაა ერთობლივი სტანდარტები ჭეშმარიტ ევროპულ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად - მე ამას ჩვენი შიდა ბაზრის სტრატეგიულ განახლებას ვუწოდებ. 

ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ ნიშნავს თვითდაკმაყოფილებას. ეს ვერ იქნება მიზანი ევროპისა, რომელიც ყოველთვის ნახულობდა  ახლაც ნახულობს სარგებელს ღია ბაზრების და ვაჭრობისაგან. მაგრამ ჩვენც გვჭირდება  „game plan“(„თამაშის გეგმა“), რაღაც მსგავსი სტრატეგიისა „Made in Europe 2030“. 

ჩემთვის ეს ამას ნიშნავს: იქ, სადაც ევროპა სილიკონის მდელოსთან, შენჭენთან, სინგაპურთან ან ტოკიოსთან შედარებით ჩამორჩება, ჩვენ ვიბრძოლებთ მოწინავე პოზიციების დასაბრუნებლად. 

ჩვენი მრეწველობისათვის ასე მნიშვნელოვანი ჩიპების და ნახევარგამტარების შემთხვევაში ჩვენ ჭეშმარიტი ევროპული ძალისხმევის გამო უკვე დავწინაურდით. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ინტელმა მილიარდების ინვესტიცია დააანონსა საფრანგეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში - უზარმაზარი ნაბიჯი  გადაიდგა „Microchips Made in Europe“ ახალი თაობისაკენ. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ისეთ საწარმოებთან, როგორიცაა ინფინეონი, ბოში, ,NXP ან GlobalFoundries, ჩვენ ვთანამშრომლობთ პროექტებზე, რომლებიც ევროპას მსოფლიოში  ტექნოლოგიურად დააწინაურებს. 

ასე რომ ჩვენი ამბიცია არ ამოიწურება იმით, რომ ევროპაში ვაწარმოოთ პროდუქტები, რომლების წარმოება სხვაგანაც შეიძლება. მე მსურს ისეთი ევროპა, რომელიც მნიშვნელოვან საკვანძო ტექნოლოგიებში მოწინავე იქნება. 

ავიღოთ მომავლის მობილურობა. მონაცემები აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებენ - ავტომანქანების ავტონომიური მართვის, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებათა ერთ ქსელში ჩართვის თუ სატრანსპორტო ნაკადების ჭკვიანი რეგულირების სფეროებში. ამიტომაც გვჭირდება რაც შეიძლება სწრაფად ერთიანი ევროპული სივრცე მობილურობის მონაცემებისათვის საზღვრების გარეშე. გერმანიამ უკვე ჩაუყარა საფუძველი ამ Mobility Dadta Space-ის შექმნას. მოდი, ის ახლა მთელ ევროპას დავუკავშიროთ. ის ღიაა ყველასთვის, ვისაც რამის დაძვრა უნდა. ასე შეგვიძლია მთელ მსოფლიოში დავწინაურდეთ. 

როდესაც ჩვენ დიგიტალიზაციაზე ვლაპარაკობთ, დიდ მასშტაბებში უნდა ვიაზროვნოთ და კოსმოსზეც უნდა ვიფიქროთ, რადგანაც სუვერენიტეტი ციფრულ ეპოქაში კოსმოსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. დამოუკიდებელი წვდომა კოსმოსზე, თანამედროვე თანამგზავრები და თანამგზავრთა მეგა-ქსელები - ეს არა მარტო ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა გადამწყვეტი, არამედ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და არა უკანასკნელ რიგში დიგიტალიზაციისთვისაც, ვგულისხმობ ფართოზოლოვან ინტერნეტს, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს. 

კომერციული მოთამაშეები და სტარტაპები ამ საქმეში სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ - ამას ჩვენ აშშ-ში ვხედავთ. ამიტომაც ძლიერი, კონკურენტუნარიანი ევროპული კოსმონავტიკა თუ გვინდა, მხარი უნდა დავუჭიროთ არა მხოლოდ უკვე ეტაბლირებულ მოთამაშეებს, არამედ ასეთ ინოვაციურ საწარმოებსაც. რადგანაც მხოლოდ ასე გვაქვს შანსი, რომ შემდეგი SpaceX-ის მსგავსი საწარმო ევროპაში გაჩნდეს. 

არა უკანასკნელ რიგში ჩვენი დიდი მიზანი, ევროპის კავშირში 2050 წლამდე კლიმატურ ნეიტრალურობას მივაღწიოთ, უზარმაზარ შანსს იძლევა: კერძოდ ამ, კაცობრიობის მომავლისათვის გადამწყვეტ სფეროში first mover-ები გავხდეთ. კერძოდ კი იმგვარად, რომ ჩვენთან, ევროპაში, განვავითაროთ და საბაზრო სიმწიფემდე მივიყვანოთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მთელ მსოფლიოში საჭირო და მოთხოვნადია. 

ელექტროენერგიის სფეროში ვფიქრობ ქსელისა და შენახვის ინფრასტრუქტურის შექმნაზე ნამდვილი შიდა ენერგობაზრისათვის, რომელიც ევროპას საიმედოდ, ზამთარ-ზაფხულ, მოამარაგებს ჰიდროენერგიით ჩრდილოეთიდან, ქარით სანაპიროებიდან და მზის ენერგიით სამხრეთიდან. 

მე ვფიქრობ წყალბადის ევროპულ ქსელზე, რომელიც დააკავშირებს გამომმუშავებლებს და მომხმარებელს და ევროპაში ელექტროლიზის ბუმს გამოიწვევს. რადგანაც მრეწველობა კლიმატურად ნეიტრალური მხოლოდ წყალბადის მეშვეობით შეიძლება გახდეს.

მე ვფიქრობ შეძლებისდაგვარად მჭიდრო ელექტრო-დამტენი სვეტების ქსელზე ყველა ჩვენს სახელმწიფოში - მსუბუქი ელექტრომანქანებისათვის, მაგრამ ასევე სატვირთო მანქანებისთვისაც. 

და მე ვფიქრობ ინვესტიციებზე ახალ, კლიმატურად ნეიტრალურ საწვავში ავიაციისათვის და ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად აეროპორტებში - იმისათვის, რომ კლიმატურად ნეიტრალური ავიაცია ოცნებად არ დარჩეს, არამედ სინამდვილედ გადაიქცეს, თან ისე, რომ ევროპიდან გავრცელდეს. 

ჩვენი ეკონომიკის ეს ეკოლოგიური და ციფრული ტრანსფორმაცია საჭიროს გახდის მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებს. ამის კი სჭირდება ბაზა ევროკავშირის ძლიერი და ლიკვიდური კაპიტალის ბაზრისა და სტაბილური საფინანსო სისტემის სახით. ამიტომაც კაპიტალის ბაზრების კავშირი და ბანკების კავშირი ჩვენი მომავალი კეთილდღეობისათვის ცენტრალურია.

 ქალბატონებო და ბატონებო, ყოველივე ეს ევროპული სუვერენიტეტისაკენ გადადგმული ნაბიჯებია. 

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი საკითხი გამოვყო, რომელიც სუვერენიტეტის თემასთან დაკავშირებით ევროპის აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით გადამწყვეტ როლს თამაშობს: ევროპაში ჩვენ ჩვენი თავდაცვითი ძალისხმევების უკეთესი შეთანხმება გვჭირდება. 

აშშ-თან შედარებით ევროკავშირში მრავალი განსხვავებული იარაღის სისტემა არსებობს. ეს არაეფექტიანია, რადგანაც ასე ჩვენს ჯარისკაცებს ბევრ განსხვავებულ სისტემაზე წვრთნა უწევთ, მათი მოვლა და რემონტიც უფრო ძვირი და შრომატევადია. 

წარსულში ევროპული ჯარების და თავდაცვის ბიუჯეტების არაკოორდინირებულ შემცირებას ახლა ევროპული შესაძლებლობების კოორდინირებული ზრდა უნდა მოჰყვეს. ამისათვის, ერთობლივი წარმოების და შესყიდვების გარდა აუცილებელია, რომ ჩვენი საწარმოები შეიარაღების პროექტებში კიდევ  ბევრად უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. ეს კი გარდაუვალს ხდის ევროპულ დონეზე კიდევ ბევრად უფრო მჭიდრო კოორდინაციას. ამიტომაც ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ბრიუსელში ერთმანეთს არა მარტო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრები ხვდებოდნენ. დღევანდელობა მოითხოვს თავდაცვის მინისტრების დამოუკიდებელ საბჭოს. 

ჩვენი შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის პრაქტიკული თვალსაზრისით გასაუმჯობესებლად რამდენიმე ინსტრუმენტი უკვე ხელთ გვაქვს. ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოსთან და თავდაცვის ფონდთან ერთად პირველ რიგში ვფიქრობ ისეთ თანამშრომლობაზე, როგორც ის უკვე პრაქტიკულად ხორციელდება ერთობლივი შეიარაღების თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OCCAR). ისევე, როგორც შენგენის სივრცეში საზღვრები თავიდან შვიდ ქვეყანას შორის გავხსენით, ისევე შეიძლება OCCAR-ი გახდეს ევროპის ერთობლივი თავდაცვის და შეიარაღების ბირთვი. 

ამისათვის ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ყველა ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობებს და რეგულაციებს, მაგალითად როდესაც საქმე ეხება ერთობლივად წარმოებული სისტემების გამოყენებას და ექსპორტს. ეს კი შესაძლებელი უნდა გახდეს - ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი სუვერენიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც, სხვათა შორის, ევროპული შეიარაღების შესაძლებლობებზეც არის დამოკიდებული. 

ნატო რჩება ჩვენი უსაფრთხოების გარანტად. თუმცა ისიც მართალია, რომ ევროკავშირის ფარგლებში ევროპული სტრუქტურების ყოველი გაუმჯობესება, ყოველი ჰარმონიზაცია ნატოს აძლიერებს. 

ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები გასული ზაფხულის ავღანეთის მოვლენებიდან. მომავალში ევროკავშირს უნდა შეეძლოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება. ამიტომაც, ევროკავშირის სვა პარტნიორებთან ერთად, გერმანია იზრუნებს იმისათვის, რომ ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები 2025 წელს ქმედუნარიანი იყოს და მის ძირითად ნაწილს დააკომპლექტებს კიდევაც. ამას ჭირდება მართვის მკაფიო სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა უნდა უზრუნველვყოთ ევროკავშირის სამეთაურო ცენტრი და საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის ნამდვილი შტაბ-ბინა ყველაფრით, რაც ამას ფინანსური, საკადრო და ტექნიკური თვალსაზრისით დასჭირდება. გერმანია მზადაა თავისთავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა, როდესაც 2025 წელს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობას გადაიბარებს. 

და ბოლოს, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესები განსაკუთრებით კრიზისების დროს უფრო მოქნილი უნდა გავხადოთ. ჩემთვის ეს ნიშნავს ევროკავშირის შეთანხმებებში არსებულ შესაძლებლობათა ამომწურავად გამოყენებას. დიახ, ეს ხაზგასმით ნიშნავს იმასაც, რომ კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, ოპერაციები წევრი ქვეყნების ერთ ჯგუფს მივანდოთ, რომლებიც ამისათვის მზად არიან, ასე ვთქვათ, მსურველთა კოალიციას. ეს იქნება ევროკავშირში შრომის დანაწილების საუკეთესო მაგალითი. 

უკვე გადაწყვეტილია, რომ გერმანია ლიეტუვას სწრაფი რეაგირების ბრიგადით და ნატოს მაღალი მობილობის სხვა ძალებით დაუჭერს მხარს. სლოვაკეთს ჩვენ, სხვათა შორის, საჰაერო თავდაცვით ვუჭერთ მხარს. ჩეხეთის რესპუბლიკას და სხვა ქვეყნებს უკრაინისათვის გადაცემული საბჭოთა ტანკების საკომპენსაციოდ გერმანული წარმოების ტანკებს გადავცემთ. ამასთანავე ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ის 100 მილიარდი ევროც, რომლითაც ჩვენ მომავალ წლებში ბუნდესვერის მოდერნიზაციას ვაპირებთ, აძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. 

ევროპაში ჩვენ მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის მოთხოვნილება გვაქვს საჰაერო და კოსმოსური საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, გერმანიაში, მომავალ წლებში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს გავაკეთებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვაში. ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებადი იქნება ნატოს ფარგლებში. ამასთანავე გერმანია ამ მომავალ საჰაერო თავდაცვას თავიდანვე ისეთ ფორმას მისცემს, რომ მასში მონაწილეობის მიღება ჩვენმა სხვა ევროპელმა მეზობლებმაც შეძლონ, თუ ექნებათ ამის სურვილი, მაგალითად პოლონელებმა, ბალტიელებმა ნიდერლანდელებმა, ჩეხებმა, სლოვაკებმა ან ჩვენმა სკანდინავიელმა პარტნიორებმა. ევროპაში ერთობლივად შექმნილი საჰაერო თავდაცვის სისტემა არა მარტო უფრო იაფი და ეფექტიანი იქნებოდა, ვიდრე ყველა ჩვენგანს ცალ-ცალკე რომ შეექმნა ძვირი და უკიდურესად კომპლექსური საჰაერო თავდაცვა; ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა  მთელი ევროპისათვის და გახდებოდა შესანიშნავი მაგალითი იმისა, რასაც ვგულისხმობთ, როდესაც ჩვენ ნატოს ევროპული ბურჯის გაძლიერებაზე ვლაპარაკობთ. 

მესამე დიდი სფერო, რომელიც ევროპულ მოქმედებას მოითხოვს, გამომდინარეობს ეპოქათა გასაყარიდან და მასზე კიდევ უფრო შორს მიდის. პუტინის რუსეთი საკუთარ თავს უახლოეს მომავალში ევროპის კავშირის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს. პუტინი გამოიყენებს ყოველ შეუთანხმებლობას ჩვენს შორის, ყოველ სისუსტეს. სხვა ავტოკრატიებიც მას ჰბაძავენ. გაიხსენეთ, როგორ ცდილობდა ბელორუსიელი დიქტატორი ლუკაშენკო გასულ წელს ჩვენზე პოლიტიკურ ზეწოლას ახლო აღმოსავლეთიდან დევნილი ათასობით მიგრანტის გასაჭირის გამოყენებით. ჩინეთიც და სხვებიც იყენებენ ღია ფლანგებს, რომელსაც ჩვენ, ევროპელები ვაშიშვლებთ, მაშინ, როდესაც ვერ ვთანხმდებით. 

რაც აქედან ევროპისათვის გამომდინარეობს, შესაძლოა შეგვიძლია შემდეგნაირად შევაჯამოთ: ჩვენ მჭიდროდ უნდა  შევკრათ ჩვენი რიგები, გადავლახოთ ძველი კონფლიქტები და ვიპოვოთ ახალი გადაწყვეტილებები. - ეს თავისთავად ცხადად ჟღერს, მაგრამ ამის უკან დიდი შრომა იმალება. მაგალითად ორი სფერო ავიღოთ, რომელიც გასულ წლებში წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდ დაძაბულობას იწვევდა, მიგრაციის და ფინანსური პოლიტიკა. 

ის, რომ მიგრაციის პოლიტიკაში წინსვლა შევძელით, დავამტკიცეთ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ევროკავშირმა პირველად აამოქმედა დროებითი დაცვის დირექტივა. ამ ბუნდოვანი ცნების მიღმა თავიანთ სამშობლოს მოშორებული მილიონობით უკრაინელისათვის იმალება ცოტაოდენი ნორმალურობა, სწრაფი და საიმედო ბინადრობის უფლება, მუშაობის შესაძლებლობა, შესაძლებლობა იარო სკოლაში ან უნივერსიტეტში, მაგალითად ამ უნივერსიტეტში. 

ადამიანები მომავალშიც ჩამოვლენ ევროპაში, ომის ან დევნისაგან თავშესაფრის ან გინდაც სამუშაოს და უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ევროპა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანისათვის სანატრელ ადგილად რჩება. ერთი მხრივ, ეს ჩვენი კონტინენტის მიმზიდველობის შესანიშნავი დასტურია, მეორე მხრივ, ეს ამავდროულად არის რეალობა, რომელსაც ჩვენ, ევროპელებმა, თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ნიშნავს, რომ კრიზისებზე ყოველ ჯერზე მყისიერი რეაგირების ნაცვლად მიგრაცია გრძელვადიანად უნდა დავგეგმოთ. ეს ასევე ნიშნავს უკანონო მიგრაციის შემცირებას და იმავდროულად ლეგალური მიგრაციის დაშვებას, რადგანაც იმიგრაცია ჩვენ გვჭირდება. ამჟამად ჩვენს აეროპორტებში, საავადმყოფოებში და მრავალ საწარმოში ვხედავთ, რომ სადაც კი გაიხედავ ყველგან კვალიფიცირებული მუშა-ხელი გვაკლია. 

რამდენიმე საკითხი ცენტრალურად მეჩვენება. 

პირველი. ჩვენ გვჭირდება მეტი სავალდებულო პარტნიორობა წარმომავლობის და ტრანზიტულ ქვეყნებთან, ოღონდ ეს პარტნიორობა თანასწორი უნდა იყოს. თუკი ჩვენ მუშა-ხელს ევროპაში ჩამოსვლის მეტ ლეგალურ გზას შევთავაზებთ, სამაგიეროდ წარმომავლობის ქვეყნებში უნდა გაიზარდოს მზადყოფნა, ბინადრობის უფლების არმქონე საკუთარ მოქალაქეებს დაბრუნების საშუალება მისცენ. 

მეორე. ფუნქციონირებად მიგრაციის პოლიტიკას აუცილებლად სჭირდება გარე საზღვრის დაცვა, რომელიც ეფექტიანი იქნება და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩვენეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. შენგენის სივრცის არსებობა - მოგზაურობა, ცხოვრება და მუშაობა საზღვრების გარეშე - სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული ამ დაცვასთან. შენგენი ევროპის კავშირის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევათაგანია და ჩვენ ის უნდა დავიცვათ და განვავითაროთ. ამაში იგულისხმება არსებული ხარვეზების აღმოფხვრაც. ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი სრული წევრობის ყველა ტექნიკურ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. მე ძალისხმევას გავწევ იმისათვის, რომ ისინი სრული წევრები გახდნენ. 

მესამე: ევროპას სჭირდება თავშესაფრის სისტემა, რომელიც სოლიდარული და კრიზისგამძლე იქნებოდა. ჩვენი მოვალეობაა ადამიანებს, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ, საიმედო სახლი შევთავაზოთ. ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს უკანასკნელ თვეებში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომაზე შევთანხმდით. ახლა ევროპარლამენტის თანხმობაა საჭირო. ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობას შეუძლია დარწმუნებული იყოს ჩვენს სრულ მხარდაჭერაში პარლამენტთან მოლაპარაკებებში. 

და ბოლოს, იმათ, ვინც დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსით ლეგალურად იმყოფებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, უფრო სწრაფად ვიდრე აქამდე უნდა მიეცეთ საშუალება, დაიწყონ მუშაობა სხვა წევრ ქვეყნებში, რათა თავიანთი უნარები იქ გამოიყენონ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. რადგანაც ჩვენ მიამიტები არ ვართ, პარალელურად არ უნდა მოვახდინოთ ბოროტად გამოყენების პრევენცია, მაგალითად იქ, სადაც მუშაობის სურვილი არ არსებობს. თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, გადაადგილების თავისუფლება სოციალური სისტემების გადატვირთვას არ გამოიწვევს. მაშინ ჩვენ ხანგრძლივად შევძლებთ ამ დიდი ევროპული თავისუფლების საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას. 

ქალბატონებო და ბატონებო, სფერო, რომელიც ჩვენ, ევროპელებს, გასულ წლებში მიგრაციის საკითხთან ერთად ყველაზე მეტად გვაცალკევებდა, ფისკალური პოლიტიკა იყო. თუმცა, კორონას კრიზის ჟამს მიღებული რეკონსტრუქციის ისტორიული პროგრამა შემობრუნების წერტილს აღნიშნავს. ჩვენ პირველად გამოვნახეთ ევროპული პასუხი და ეროვნულ საინვესტიციო და რეფორმების პროგრამებს ევროკავშირის სახსრებით დავუჭირეთ მხარი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკების გასაძლიერებლად ინვესტიციებს ერთობლივად განვახორციელებდით. სხვათა შორის, ეს დღევანდელ კრიზისშიც გვეხმარება. 

იდეოლოგიამ ადგილი დაუთმო პრაგმატიზმს. ჩვენ მომავალშიც ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც საქმე გვაქვს საკითხთან, როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ერთობლივი წესები კორონას კრიზისის შემდეგაც. ცხადია: ერთობლივ სავალუტო სივრცეს ერთობლივი წესები სჭირდება, რომლების დაცვა და გადამოწმება შეგვიძლია. ეს აღძრავს ნდობას და გაჭირვების ჟამს სოლიდარობას შესაძლებელს ხდის. 

გასული წლის კრიზისებმა ყველა წევრ ქვეყანაში ვალების დონის მომატება გამოიწვია. ამიტომაც გვჭირდება შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა გავისტუმროთ ეს დიდი ვალები. ეს შეთანხმება სავალდებულო უნდა იყოს, შესაძლებელი უნდა  გახადოს ზრდა და უნდა იყოს პოლიტიკურად განმარტებადი. ამასთანავე, მან ევროკავშირის ყველა წევრს უნდა მისცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნების ეკონომიკათა ტრანსფორმაციას ინვესტიციების მეშვეობით გაუმკლავდეს. 

თვის დასაწყისში ჩვენ, როგორც გერმანიის მთავრობამ, წარმოვადგინეთ ჩვენი შეხედულებები ვალების ევროპული წესების შემდგომი განვითარების შესახებ. მათ იგივე ლოგიკა უდევს საფუძვლად. ჩვენ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორთან ამის შესახებ ღიად გვსურს საუბარი, მიკერძოების, ჭკუის სწავლების და დაბრალებების გარეშე. ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიმსჯელოთ, როგორი შეიძლება იყოს მდგრადი წესები ეპოქათა გასაყარის შემდეგ. საქმე რაღაც ძალიან ფუნდამენტურს ეხება. საქმე ეხება იმას, რომ მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ჩვენი ვალუტა სტაბილური და შეუქცევადია, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ სახელმწიფოს და ევროპის კავშირს კრიზისის დროსაც ენდონ. 

ამ სფეროში უახლოეს წარსულში ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მაგალითი ევროპული SURE-ის პროგრამაა. ჩვენ ის შემოვიღეთ კორონას კრიზისის დროს, რათა უზრუნველგვეყო შემცირებული სამუშო დროით დასაქმება. ევროპის კავშირის მასშტაბით ამით 30 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, რაც ყოველ მეშვიდე დასაქმებულს ნიშნავს, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ქუჩაში დარჩენილიყვნენ. გარდა ამისა, ამ სტიმულის ევროპულ დონეზე შემოღებით ჩვენ შევძელით, თითქმის მთელ ევროპაში შემოგვეღო შემცირებული სამუშაო დროით დასაქმება, როგორც წარმატებული მოდელი. ამის შედეგი მთელი ევროპის მასშტაბით შრომის გამძლე ბაზარი და უფრო ჯანმრთელი საწარმოებია. პრაგმატული გადაწყვეტილებები მთელ ევროპაში მომავალშიც ასე წარმომიდგენია. 

ევროპული პოლიტიკისათვის ეპოქათა გასაყარი უნდა ნიშნავდეს ხიდების შენებას და არა თხრილების ამოთხრას. მოქალაქეები ისეთ ევროკავშირს ელიან, რომელიც დაპირებებს ასრულებს. მომავლის კონფერენციის შედეგი ამას ნათლად გვიჩვენებს. მოქალაქეები ელიან ევროკავშირისაგან ხელმოსაჭიდ შედეგებს, მაგალითად, მეტ სისწრაფეს გარემოს დაცვის საქმეში, ჯანსაღ საკვებს, მიწოდების მდგრად ჯაჭვების ან, სულაც, დასაქმებულთა უკეთ დაცვას. მოკლედ: ისინი ელიან „დე ფაქტო სოლიდარობას“, რომელზეც ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ 1950 წლის შუმანის დეკლარაციაში. ამ დე ფაქტო სოლიდარობის ისევ და ისევ განახლება და ყოველი ახალი დროის გამოწვევებისათვის მორგება ახლა ჩვენს ხელშია. 

გაერთიანებული ევროპის დაფუძნების პირველ ათწლეულებში ეს პირველ რიგში ნიშნავდა სულ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის მეშვეობით შეუძლებელი გამხდარიყო ომი წევრ ქვეყნებს შორის. ის, რომ ეს გამოგვივიდა, ჩვენი კავშირის ისტორიული მიღწევაა. ამასობაში ჩვენი სამშვიდობო პროექტი ევოპული მასშტაბის თავისუფლების და სამართლიანობის პროექტადაც იქცა. ამას კი პირველ რიგში იმ ქვეყნებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც მოგვიანებით შემოუერთდნენ ჩვენს გაერთიანებას, ესპანელებს, ბერძნებს და პორტუგალიელებს, რომლებმაც დიქტატურის ათწლეულების შემდეგ პირი აქციეს თავისუფლების და დემოკრატიის ევროპული პროექტისაკენ, შემდეგ კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი ბრძოლით თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობისათვის დაძლიეს ცივი ომი. მათ შორის იყვნენ ამ უნივერსიტეტის მამაცი სტუდენტები, რომლებიც 1989 წლის ბნელი ნოემბრის საღამოს ისე ხმამაღლა ითხოვდნენ თავისუფლებას, რომ რევოლუციას მისცეს დასაბამი. ეს ხავერდოვანი რევოლუცია მთელი ევროპისათვის ბედნიერი შემთხვევა იყო. 

მშვიდობა და თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება, ეს ფასეულობები ჩვენი ერთობლივად შეძენილი მემკვიდრეობაა. სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთით თავისუფლება, პლურალიზმი და დემოკრატია ისევ საფრთხეშია, ამ ურთიერთკავშირს განსაკუთრებით ძლიერ ვგრძნობთ. 

„სახელმწიფოები იმ იდეალების მეშვეობით ინარჩუნებენ თავს, რომლებმაც ისინი წარმოშვა“. ასე თქვა ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა პროფესორმა, ტომაშ მასარიკმა, შემდგომში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა. ეს გამონათქვამი სახელმწიფოებზეა მორგებული, მაგრამ ის ასევე ზედგამოჭრილია ევროკავშირის ფასეულობითი გაერთიანებისათვისაც. რადგანაც ფასეულობები მისი შენარჩუნებისათვის ფუძემდებლურია, ყოველ ჩვენგანს გვეხება, თუ ეს ფასეულობები ირღვევა, ევროპის გარეთ, და, მით უმეტეს, ევროპის შიგნით. ეს არის მეოთხე მოსაზრება, რომელიც დღეს მინდა გაგიზიაროთ. 

ამიტომაც გვაღელვებს, როდესაც ევროპის შუაგულში არალიბერალურ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ ისე, თითქოს ეს შინაგანი წინააღმდეგობა არ ყოფილიყოს. ამიტომაც ვერაფრით შევეგუებით, როდესაც კანონის უზენაესობის პრინციპები ირღვევა და დემოკრატიული კონტროლის დემონტაჟი ხდება. ესეც ძალიან მკაფიოდ რომ ვთქვათ: ევროპა არ შეიძლება ტოლერანტული იყოს რასიზმის და ანტისემიტიზმის წინაშე. ამიტომაც ვუჭერთ მხარს ევროკომისიას მის ძალისხმევაში კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ამ თემას ევროპარლამენტიც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. ამისათვის მე უკიდურესად მადლობელი ვარ. 

ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ყველა არსებული საშუალების გამოყენებას ხარვეზების აღმოსაფხვრელად. გამოკითხვები გვაჩვენებს, რომ ყველგან, სხვათა შორის უნგრეთში და პოლონეთშიც, მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას მათ ქვეყნებში თავისუფლების და დემოკრატიის საკითხებში ევროკავშირის მეტი ჩართულობა სურს. ამ საშუალებებს შორისაა კანონის უზენაესობის პროცედურა მეშვიდე მუხლის საფუძველზე. აქაც უნდა მივატოვოთ მიდგომები, რომლებიც წარმატებისაკენ გზას გვიბლოკავს. უფრო აზრიანად მეჩვენება, გადახდები მიზანმიმართულად მივაბათ კანონის უზენაესობის სტანდარტების შენარჩუნებას ისე, როგორც ეს გავაკეთეთ 2021-2027 წლების ფინანსურ ჩარჩოსა და რეკონსტრუქციის ფონდის შემთხვევაში კორონას კრიზისის დროს - და ჩვენ უნდა გავუხსნათ კომისიას ახალი გზა, შეთანხმების დარღვევის პროცედურა მაშინაც აამოქმედოს, როდესაც ირღვევა ის, რაც ჩვენ ძირეულად გვაერთიანებს, ჩვენი ძირითადი ფასეულობები, რომლებზეც ჩვენ ყველანი ჩამოვყალიბდით ევროკავშირის შეთანხმებაში: ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. 

ამასთანავე, მე ვისურვებდი, რომ კანონის უზენაესობაზე სასამართლოს წინაშე არ გვეკამათა, რადგანაც ჩვენ, ყველანაირი პროცედურების და სანქციების გარდა, პირველ რიგში გვჭირდება ღია პოლიტიკური დიალოგი იმ ხარვეზების შესახებ, რომლებიც ყველა ქვეყანაში არსებობს. კომისიის ანგარიში კანონის უზენაესობის შესახებ თავისი ცალკეული ქვეყნებისათვის გამოთქმული რეკომენდაციებით ამისათვის კარგ საფუძველს ქმნის. ამ რეკომენდაციების განხორციელებას ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით ყურადღებით დავაკვირდებით და ჩვენს საკუთარ საშინაო დავალებებსაც შევასრულებთ. რადგანაც კანონის უზენაესობა ის ფასეულობაა, რომელიც ჩვენს კავშირს უნდა აერთიანებდეს. ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიდრე როდისმე, რადგანაც ავტოკრატიამ ჩვენი დემოკრატიები გამოიწვია.

ქალბატონებო და ბატონებო, მე უკვე ვახსენე ამ უნივერსიტეტის მამაცი სტუდენტები, რომლებმაც 1989 წლის 17 ნოემბერს ხავერდოვანი რევოლუცია დაიწყეს. უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, ალბერტოვის ქუჩაზე, სადაც პროტესტი დაიწყო, ამ მოვლენების ახლა გვახსენებს ბრინჯაოს პატარა მემორიალური დაფა. მასზე ორი წინადადება წერია და იმედი მაქვს, რომ მათ ასე თუ ისე სწორად გამოვთქვამ. Kdy když ne teď? Kdo když ne my? - გერმანულად: ახლა თუ არა, როდის? ჩვენ თუ არა, ვინ? - აქედან, პრაღიდან, მინდა ამ მოწოდებით მივმართო ყველა ევროპელს, რომელიც უკვე ცხოვრობს ჩვენს კავშირში და იმათაც, რომლებიც, იმედია, მალე შემოგვიერთდებიან. მე მინდა ამ მოწოდებით მივმართო პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონეთ, ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც ყოველდღე ბრიუსელში, სტრასბურგში თუ ჩვენს დედაქალაქებში ვეძებთ გამოსავლებს. ეს ეხება ჩვენს მომავალს, რომელსაც ევროპა ჰქვია. ეს ევროპა დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. 

როდის, თუ არა ახლა, როდესაც რუსეთი ცდილობს გადაწიოს საზღვარი თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, უნდა ჩავუყაროთ საფუძველი თავისუფლებაზე, უსაფრთხოებაზე და დემოკრატიაზე დამყარებულ გაფართოებულ კავშირს? ახლა თუ არა, როდის უნდა შევქმნათ სუვერენული ევროპა, რომელიც მრავალპოლუსიან სამყაროში შეძლებს თავის გატანას? ახლა თუ არა, როდის უნდა გადავლახოთ განსხვავებები, რომლებიც წლებია გვაბრკოლებენ და გვაცალკევებენ? ჩვენ თუ არა ვინ შეძლებს ევროპის ფასეულობათა დაცვას შინ და გარეთ? 

ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი ჩვენს ხელშია. დიდი მადლობა.

Share the article